თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა „მეგობარი აქტი“ არის არამეგობრული კანონპროექტი, რომელიც „დიფ სთეითის“ ზრახვებს ასახავს.
როგორც კახა კალაძემ დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, „მეგობარ აქტს“ ქართველი ხალხის ინტერესთან კავშირი არ აქვს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „მეგობარ აქტს“ ხალთან და ხალხის ინტერესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ქართველი ხალხის უმრავლესობის საბედნიეროდ, არის უმცირესობაში. აგენტურა და მოღალატეები ვერ იქნებიან უმრავლესობაში. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მაგრამ მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის, თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქე იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლა რადიკალური დაჯგუფებები იმყოფებიან.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ არამეგობრულ კანონპროექტს, ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ყველანაირი მეთოდით, ყველანაირი სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამარჯვებული იქნებიან, რადგან სიმართლე საქართველოს მხარესაა.
„პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ და ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, თუ ვერ მოახერხებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, ისევე, როგორც არ მიეცა ამ დრომდე, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა მერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრაგმატულმა პოლიტიკამ ქვეყანას გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე უფრო უბედურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.