პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და მოსახლეობის ტელეხიდი არასწორად დადგმული შოუ იყო.
"მიხეილ სააკაშვილის პასუხები არ იყო ამომწურავი. მას პირდაპირ დაუსვეს კითხვა: აპირებთ თუ არა პრემიერ-მინისტრობას, რაზედაც არ უპასუხა. პირდაპირ ჰკითხეს: გვითხარით ერთი დეტალი მაინც, რაზედაც ბარაკ ობამასთნ ილაპარაკა _ არ უპასუხა, მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო", - განუცხადა კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" და განმარტა, რომ პირადად მას სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლიდან ახალი არაფერი გაუგია.
პოლიტოლოგის შეფასებით, ტელეხიდი შოუს ელემენტებით უფრო პარტიის პრეზენტაციასა და საარჩევნო კამპანიას ჰგავდა, ვიდრე მოსახლეობასთან პირდაპირ დიალოგს.
"ძალიან ბევრი შოუს ელემენტი იყო ამ ტელეხიდში _ დიდ ეკრანზე მუდმივად აჩვენებდნენ სააკაშვილის მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრის კადრებს. ეს ამ ყველაფერს საქმიან იერს საერთოდ არ აძლევდა. პირიქით - უფრო პარტიის პრეზენტაციას ან საარჩევნო კამპანიას ჰგავდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შოუ დადგმულიც არასწორად იყო. მე, მაგალითად, მას უფრო საქმიანად დავდგამდი, საზოგადოებაზე მეტი შთაბეჭდილება რომ მოეხდინა. დღეს რაც ვნახეთ, ძალიან უინტერესო იყო", - განმარტა კლიმიაშვილმა სააკაშვილის დღევანდელი ტელეხიდის კომენტირებისას, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი მოსახლეობისა და ჟურნალისტების შეკითხვებს თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.