პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს საზოგადოებასთან მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ურთიერთობის ფორმამ პიონერობის ასაკი და პუტინის პიარტექნოლოგიები გაახსენა.
"პირველი შთაბეჭდილება ქვეყნის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმას შეეხება. გამახსენდა პიონერობის ასაკი და პარალელები გამავლებინა პუტინის პიარტექნოლოგიებთან. ვფიქრობ, ამდენი მომზადებული კითხვა თავად ქვეყნის პირველი პირისთვისაც არ იქნებოდა საინტერესო, მით უმეტეს, როცა ირღვევა რეგლამენტი და იცვლება თემებიც _ ერთ კითხვაზე იწყებოდა პასუხის გაცემა და გადადიოდა მეორე და მესამე თემაზე, რომლებზედაც შეკითხვა არც კი დასმულა", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, სააკაშვილის პასუხები ამომწურავი არ იყო, თუმცა ეს გასაკვირი არც ყოფილა.
"პასუხები ამომწურავი ვერ იქნებოდა, რადგან თავად პრეზიდენტი, საკუთარი გარემოცვის წყალობით, არ ფლობს სიტუაციასთან დაკავშირებით ადეკვატურ ინფორმაციას. არ არის გულწრფელი მისი გარემოცვა პრეზიდენტის მიმართ", - დასძინა ცისკარიშვილმა.
პოლიტოლოგი სააკაშვილის გამოსვლის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც ვეტერანების თემას შეეხება და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მათ დღეს კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ეს იყო ვეტერანების კიდევ ერთი შეურაცხყოფა. არც ერთ მამრს არ ეკადრება მოიხსენიოს ეს ადამიანები, რომლებიც თავს წირავდნენ სამშობლოსთვის, იმ მეტაფორებით და აღწეროს ისეთი სურათი, რომელზედაც ისაუბრა და დახატა პრეზიდენტმა. ასეთ სურათს თავადაც რომ შესწრებოდა, უნდა მისულიყო და ადგილზე პირადად გაერკვია, რატომ ჰქონდა ადგილი ასეთ უმსგავსობას", - დასძინა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი დღევანდელ ტელეხიდზე, ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" პირდაპირ ეთერში, მოსახლეობისა და ჟურნალისტების შეკითხვებს თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.