თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
ამის შესახებ მან ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„ამ ადამიანის ვოიაჟებს და გადადმულ ნაბიჯებს არანაირი აზრი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, არ ეკუთვნოდა საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს. მას ჰყავს თავისი პატრონი, რომელსაც აქვს მის მიმართ მოთხოვნები, იმიტომ, რომ მისი შვილები უზრუნველჰყვეს, დაასაქმეს სხვადასხვა მიმართულებით, ეს კი შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანს აქვს თავისი ვალდებულებები თავისი პატრონების მიმართ და მზადაა, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას - ყველანაირი უბინძურესი ნაბიჯი იქნება ეს თუ ქვეყნის წინააღდეგ გადადგმული; ყველაფრისთვის მზად არის - დააზიანოს ქვეყანა, შელახოს მისი რეპუტაცია. ყველამ კარგად იცის ქვეყნის შიგნით, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი და მის ქმედებებს არანაირი აზრი არ აქვს. სადაც უნდა, წავიდეს და იქ გამართოს შეხვედრები. სალომე ზურაბიშვილს ხალხმა გამოუტანა განაჩენი და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კიდევ ერთხელ შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობის უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერში შესაბამისი პასუხი უკვე გასცა.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური დაჯგუფება ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, დაშლილი. როდესაც სხვა, კონკრეტული ძალების სამსახურში ხარ და არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, შენი ყველა ქმედება, გინდ გაერთიანების, გინდ დაშლის შემთხვევაში, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ვიცით, რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება, საიდან იმართებიან, ვის მიერ, რა ინტერესები ამოძრავებთ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლოების უმრავლესობამ ამ რადიკალურ დაჯგუფებას, ყველას ერთად აღებულს, გასცა შესაბამისი პასუხი. აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია. ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.