მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი წმიდა ტატიანას ტაძარში ქადაგებისას "დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტის თემას გამოეხმაურა და ის ხალხის ცოდვებზე პასუხად მიიჩნია. მან თავის ხალხს ღვთის კანონების დაცვისკენ მოუწოდა, რათა მათ ცხოვრების გზა აირჩიონ და არა სიკვდილისა.
"რაც გუშინ მოხდა, ჩვენს ცოდვებზე პასუხია, ესაა ადამიანის ბუნების ველური დამახინჯება. რა შუაში იყვნენ უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც სასტიკად დახოცეს?" _ აღნიშნა პატრიარქმა.
"უნდა აღინიშნოს, რომ თუ ღვთის კანონის გარეშე ვცხოვრობთ, თუ ცივილიზაციას ღვთიური ჩანაფიქრის გარეშე ვაშენებთ, ყველანი დამნაშავენი ვიქნებით იმაში, რაც ხდება", _ მიიჩნევს რუსეთის პატრიარქი.
ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტად განვითარდება მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები, მით უფრო საშინელი მომავალი ელით მის თანამემამულეებს, ღვთიურად ცხოვრების გარეშე.
შეგახსენებთ, "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაიჭრა.