თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
„ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ წაგებულ ბრძოლაში შემოსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს უკვე დაწყებული აქვს არჩევნებისთვის მზადება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარსდგეს.
„ჩვენ დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის, გვაქვს შეხვედრები, სიახლეების შემოტანა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან. ჩვენთვის ყველაზე მთავარი გახლავთ ადამიანი, შესაბამისად, ყველა პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქში იყოს კომფორტი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალი შესაძლებლობა, იყოს პარკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები და ა.შ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად გამოვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში და მივაღწიოთ წარმატებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.