ეგვიპტის ხელისუფლებამ გერმანიას ნეფერტიტის ბიუსტის დაბრუნება ოფიციალურად მოსთხოვა. შესაბამისი წერილი ეგვიპტის სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზაჰი ჰავასმა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელს გერმან პარცინგერს უკვე გაუგზავნა.
ეგვიპტე ნეფერტიტის ბიუსტის დაბრუნებას 80 წელზე მეტია უშედეგოდ ცდილობს. ბიუსტი გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორხარდტმა 1912 წელს აღმოაჩინა. მიიჩნევა, რომ ბიუსტი ეგვიპტიდან მოტყუებით გაიტანეს. არსებობს მოსაზრება, რომ ბორხარდტმა ადგილობრივი ინსპექტორი შეცდომაში შეიყვანა და ბიუსტი მას უმნიშვნელო აღმოჩენად წარუდგინა.
1935 წელს გერმანიის ხელისუფლება ეგვიპტეს ნეფერტიტის დაბრუნებას დაპირდა, მაგრამ ადოლფ ჰიტლერმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ბიუსტის დასაბრუნებლად აქტიური ბრძოლა ზაჰი ჰავასმა განაახლა. მან შესაბამისი თხოვნით გერმანიას ორჯერ _ 2005 და 2007 წლებში მიმართა, თუმცა ორივე შემთხვევეაში სასტიკი უარი მიიღო.