ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ დასამუშავებელია მთის კანონთა კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას ადგილზე დაამაგრებს, ბარად მცხოვრებ მთიელებს კი უკან დააბრუნებს. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას განაცხადა.
"განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე. უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 700 გრძივ კილომეტერს მოიცავს, დღესდღეობით მხოლოდ 25 და 30 ათასი კაცი ცხოვრობს. ისიც მესტიისა და ონის რაიონის ხარჯზე. ხოლო დანარჩენი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ხევს გარდა), პრაქტიკულად ცარიელია. ეს მაღალი ხარისხის საფრთხეების გაჩენას იწვევს, რაც, შესაძლოა, მოკლე ხანში ტრაგედიით დასრულდეს," _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" არეშიძემ.
მისი აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური და საბიუჯეტო შეღავათები მიანიჭოს.
არეშიძის აზრით, საქართველოს მთიანეთის დაცვით რუსეთი სარგებლობს. "როგორც წესი, მთის მოსახლეობა მესაზღვრეა. როცა მოსახლეობა არაა, მთის დაცვა შეუძლებელია. რუსეთი კი ამას შესანიშნავად იყენებს."
"თუ ხელისუფლება საქართველოს მთიანეთის დასახმარებლად მზად არაა, მაშინ მაინტერესებს, მზადაა, დამატებითი ტერიტორია დავკარგოთ?_რიტორიკულად კითხულობს მამუკა არეშიძე.