დომოდედოვოს აეროპორტის პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ აეროპორტი მომხდარი ტერაქტის გამო პასუხისმგებლობას არ იღებს.
"ტერაქტის გამო დომოდედოვოს აეროპორტი თავის თავზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან საავიაციო უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები ჩვენი სამსახურების მიერ სრულად იყო დაკმაყოფილებული", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დომოდედოვოს აეროპორტის პრესმდივანმა ელენა გალანოვამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დომოდედოვოს აეროპორტის მენეჯმენტმა აეროპორტში უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო პასუხი უნდა აგოს.
"ის, რაც მოხდა, ადასტურებს, რომ უსაფრთხოების ზომები აშკარად დარღვეული იყო. ასეთი რაოდენობის ასაფეთქებლის გადატანა ან ადგილზე მიტანა _ ასეთი რამ მხოლოდ უნდა სცადო. ამისთვის პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც კომპანიასთან უშუალო შეხება აქვს, ვინც იქ გადაწყვეტილებას იღებს, კერძოდ, აეროპორტის მენეჯმენტმა. ეს ტერაქტია," _აღნიშნა მედვედევმა.
24 იანვარს მოსკოვის აეროპორტ "დომოდედოვოში" ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აეროპორტის ვიდეოთვალის ერთ-ერთმა კამერამ აფეთქების მომენტი დააფიქსირა. უკანასკნელი მონაცემებით, აფეთქებას 35 კაცი ემსხვერპლა, 110 კი დაშავდა. საავადმყოფოებში 108 დაშავებულია მოთავსებული.