აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკა 2 აპრილამდე თავისუფლდება იმ საქონელზე ტარიფების გადახდისგან, რომელსაც აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმება მოიცავს.
"მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან ვისაუბრე, შევთანხმდით, რომ მექსიკას არ მოუწევს ტარიფების გადახდა იმ პროდუქტებზე, რომელსაც აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმება მოიცავს. ეს შეთანხმება ძალაში იქნება 2 აპრილამდე. ეს გადაწყვეტილება მივიღე პრეზიდენტ შეინბაუმის პატივისცემის ნიშნად და კეთილი ნების გამოხატვის სახით. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგი იყო, და ერთად ვმუშაობთ საზღვარზე, რათა შევაჩეროთ არალეგალური იმიგრაცია შეერთებულ შტატებში და ასევე შევაჩეროთ ფენტანილის გავრცელება. გმადლობთ, პრეზიდენტო შეინბაუმ, თქვენი თავდადებისა და თანამშრომლობისთვის!" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპს არ დაუზუსტებია, ვრცელდება თუ არა მსგავსი შეღავათი კანადაზეც. აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება წარმოადგენს სამ ქვეყანას შორის სავაჭრო პაქტს, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ამოქმედდა. მისი გადახედვა ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს.