ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპის საკითხებში ლუ შეიმ განაცხადა, რომ ის „შოკირებულია“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულებით ევროპელი მოკავშირეების მიმართ და დასძინა, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა განსაზღვროს მხოლოდ აშშ-მა და რუსეთმა.
„როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ატარებს ტრამპის ადმინისტრაცია თავხედურ და დომინანტურ პოლიტიკას ევროპის მიმართ, როგორ იქცევა თავისი მოკავშირეების მიმართ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპული პერსპექტივიდან, ეს უბრალოდ საშინელებაა.
ვფიქრობ, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა იფიქრონ ამაზე და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას.
ამ გზით ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა ხაზს უსვამს მშვიდობას, მეგობრობას, კეთილგანწყობას და მომგებიან თანამშრომლობას“, - განაცხადა ლუ შეიმ.
ლუმ ეს განცხადება გააკეთა სხვა მაღალ დიპლომატებთან პანელის დისკუსიის ფარგლებში პეკინში, უმაღლესი საკონსულტაციო ორგანოს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ყოველწლიურ სესიაზე.
მან აღიარა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დისკუსიები მიმართული იყო "კრიზისის" [ომის] გადაწყვეტაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ევროპული ქვეყნების აღიარებას და მონაწილეობას: "სხვადასხვა შემოთავაზებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანაბარი განხილვის საგანი და არ იყოს ნაკარნახევი რჩეულის მიერ."