3 მარტის ღამეს, რუსეთის ქალაქ უფაში ორი ძლიერი აფეთქების შემდეგ, ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აფეთქებამდე მათ გაიგეს დრონების ხმა მიდამოში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
ზოგიერთი ტელეგრამ არხი იტყობინება, რომ ქარხანას უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს, თუმცა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ დაწერა, რომ ქარხანას უცნობი საფრენი აპარატები დაესხნენ თავს.
ბაშკირეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა ხანძარი, მაგრამ გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. უწყების ცნობით, ხანძარი ქარხნის ტერიტორიაზე, წვის ღუმელის სიახლოვეს გაჩნდა.
"მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ", - ირწმუნებიან სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
გამოქვეყნებული კადრების თანახმად, ქარხანაზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 2:38 საათზე მოხდა. იუწყებიან, რომ განადგურდა ნედლეულის მომწოდებელი ორი მთავარი მილსადენი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმ რეგიონების შესახებ, სადაც მათი თქმით, უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა ამ ინფორმაციაში უფაზე თავდასხმა არ ყოფილა ნახსენები.