საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა უამრავ ლიდერს, მათ შორის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებს და ბრიტანეთის პრემიერს, იუწყება La Tribune Dimanche.
მაკრონი ასევე ელაპარაკა ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას.
თავად მაკრონმა ფრანგულ გამოცემებს განუცხადა ზელენსკისთან და ტრამპთან საუბრის შინაარსის შესახებ, იტყობინება AFP.
ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის ემოციურ საუბართან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „პრესკონფერენცია არასწორედ წარიმართა“.
ამავე დროს, მაკრონს არ სჯერა, რომ ასეთი „სურეალისტური მომენტი“ ქვეყნებს შორის ურთიერთობების რღვევას გამოიწვევს.
„ვფიქრობ, სიბრაზის მიღმა, ყველა უნდა დაუბრუნდეს სიმშვიდეს, პატივისცემასა და აღიარებას, რათა წინ წავიწიოთ, რადგან ის, რაც სასწორზე დგას, ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ მან საკუთარ თავს "ახალი მისია" დაუსახა - "დაამშვიდოს ურთიერთობები" უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის.
„ამ თემებზე უკეთესია სტრატეგიული და კონფიდენციალური დისკუსია, რათა წინ წავიწიოთ და გავარკვიოთ გაუგებრობები ადამიანებს შორის, მაგრამ არა მოწმეების წინაშე“, - განაცხადა მაკრონმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას გამოხატა ვაშინგტონთან დიალოგის განახლების სურვილი, კერძოდ, წიაღისეულის შეთანხმების შესახებ, რომლისთვისაც მას ხელი ვაშინგტონში უნდა მოეწერა.
მაკრონმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა გზა არ აქვს, გარდა ამ დიალოგის განახლებისა.
„ამერიკელების აშკარა მიზანია უკრაინელების მხარეზე ყოფნა, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციებს. მე მინდა ნათლად ვუთხრა ამერიკელებს, რომ უკრაინისგან ჩამოშორება მათ ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მან.