პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ - ექიმმა და ექსპერტმა მისცეს.
ამასთან გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება.
ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს