შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსება ოკუპირებულ რეგიონში აშკარად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ღია, სამხედრო აგრესიას ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშო ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის განთავსების საკითხე ეხმაურება.
"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Точка-У"-ს და "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონების განლაგება, წარმოადგენს პირდაპირ და აშკარა მუქარას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტერიტორიის მიმართ. ამ ქმედებებით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული და აგრეთვე მიზნად ისახავს ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას კავკასიის, და მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს მიიღონ აქტიური და ქმედითი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. სამხედრო ბაზაზე დამატებით განთავსებული იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "Точка-У" დივიზიონი, რომლის მოქმედების არეალიც 120 კმ-ია.
გარდა ამისა, 2010 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხინვალის სიახლოვეს განლაგებულ იქნა "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი (მოქმედების არეალი - 70-დან 90 კმ-მდე დისტანცია).
აღსანიშნავია, რომ სწორედ "Точка-У" სისტემის გამოყენებით რუსეთის ფედერაციამ მთლიანად დაანგრია ბამუტი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) და გაანადგურა ამ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა.
აგრეთვე ამ სისტემის ბალისტიკურ რაკეტებზე შესაძლებელია კასეტური (50 ნაწილისაგან შედგენილი) და ბირთვული ქობინების დაყენება.