ხვალ, 25 იანვარს 11:00 საათზე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლებს და იმავდროულად ვიდეოკონფერენციის საშუალებით, აშშ-ის მთავრობის მიერ სტამბულში ორგანიზებულ კონფერენციაში ჩაერთვება.
სტამბულში მიმდინარე კონფერენციას, როლის სახელწოდებაცაა "ინვესტიცია მომავალში: ქალები განსაზღვრავენ ეკონომიკურ ზრდას", ქალთა გლობალურ საკითხებში აშშ-ის საგანგებო ელჩი მელანი ვერვეერი გაუძღვება. კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გამართავს პრეზენტაციას სახელწოდებით: "ქალები, როგორც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ძალა: მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები."
აშშ-ის საელჩომ სტამბულის კონფერენციაში მონაწილეობისათვის 20 ქართველი საქმიანი ქალბატონი შეარჩია. კონფერენციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს სომეხ, აზერბაიჯანელ, კვიპროსელ, ქართველ, ბერძენ და თურქ ქალთა ბიზნესსაქმიანობას სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით, აგრეთვე ლექციებისა და გაცვლითი პროგრამების საშუალებით. საქმიანი ქალბატონების დაახლოებასა და პროფესიული უნარჩვევების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება 21-ე საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საქმეში.
საქართველოს მოქალაქეები კონფერენციისათვის თვალის მისადევნებლად, აგრეთვე მინისტრ ქობალიას პრეზენტაციის მოსასმენად და კითხვების დასასმელად უნდა შევიდნენ შემდეგ ვებგვერდზე: https://statedept.connectsolutions.com/econ და
1. აირჩიონ "Enter as Guest."
2. დაბეჭდონ საკუთარი სახელი, ან მეტსახელი (პაროლი საჭირო არ არის).
3. აირჩიონ "Enter Room."
4. და გააკეთონ კომენტარები, ან დასვან კითხვები.