„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯიოშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ჯიოშვილის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
„კიდევ გავიმეორებ, არ დავუტოვებ საბრძოლველს რუსთაველზე. მშვიდობა საქართველოს. მარად და ყველგან იქნება ჩემთვის უპირველესი საქართველო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. გავასაჩივრებ. ამ პოლიციელებს კიდევ ვატარებ. მოსამართლეს გამოვააშკარავებ და ვანახებ ყველას, რომ ეს ადამიანები ცრუობენ. მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც“, - თქვა ჯიოშვილმა.
ლაშა ჯიოშვილი დაკავებას საპროტესტო პლაკატს უკავშირებს, რომელიც მას ხელში ეკავა.
მისი თქმით, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, არაფერი დაურღვევია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. მისი თქმით, ამ ადამიანებს პოლიციის საიდენტიფიკაციო ფორმა არ ეცვათ. ჯიოშვილის ვარაუდით, მოქალაქეებს დაკავების ადგილას ვიდეოგადაღება რომ არ დაეწყოთ, ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ.
ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის არ დაეყრდნო ნეიტრალურ მტკიცებულებას, ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ფორმა ადამიანებს არ აცვიათ და ჯიოშვილი მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებები გაითვალისწინა.