„ქართული პარტიის" ლიდერები, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი, საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ. „ქართული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ერთი საათი გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარმა ფილიპ დიმიტროვთან გამართული მოლაპარაკებების ძირითად ასპექტებზე ისაუბრა.
„ქართული პარტიის" თავმჯდომარის განცხადებით, მან და მისმა თანაგუნდელებმა საპატიო სტუმარს გააცნეს პარტიის მიზნები, გეგმები და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, აგრეთვე საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა.
„ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ევროპისკენ სვლას დემოკრატია სჭირდება. მმართველი ძალა ევროპულ ღირებულებებზე მხოლოდ ლაპარაკობს, რეალურად კი ქვეყანაში ავტოკრატიას ნერგავს", - აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის მტკივნეულ და პრობლემატურ თემებზე. სუბარის განმარტებით, საუბარი შეეხო დევნილების უკანონო გამოსახლებას, მედიის მდგომარეობას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების ხელყოფის საკითხებს.
„ალბათ, სიმბოლურია, ისიც, რომ ფილიპ დიმიტროვთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც ამ ხელისუფლებამ, თავის დროზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2" წაართვა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში დღეს შექმნილი მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ კარგად არის ინფორმირებული.
„ქართული პარტიის" თავმჯდომარე აგრეთვე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ფილიპ დიმიტროვი გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატია - იგი იყო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ამ ქვეყნის ელჩი სხვადასხვა სახელმწიფოებში (მათ შორის, აშშ-ში), ბულგარეთის ელჩი გაერო-ში, ევროკავშირისა და ეუთო-ს ეგიდით ასრულებდა სერიოზულ დავალებებს სხვადასხვა ქვეყნებში.