რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართველ კოლეგებთან პირდაპირი დიალოგისათვის მზადაა. ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე კოსაჩოვმა გააკეთა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შედეგებზე საუბრისას კოსაჩოვმა განაცხადა, რომ მასზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ არ მიიღო ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა 17 იანვარს პარიზში ქართულ-რუსული დოსიეს განხილვაში. შეხვედრაზე, კოსაჩოვის თქმით, ქართული დელეგაციის მხრიდან ისმოდა ბრალდებები ასამბლეის ხელმძღვანელისა და მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელის დიკ მარტის მისამართით, იმის გამო, რომ იგი "მოსკოვში ვიზიტისას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შეხვდა.
კონსტანტინე კოსაჩოვი აცხადებს, რომ - "საქართველოს მხრიდან წამოწეულმა არც ერთმა პოზიციამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა და ნათლად იქნა დადასტურებული, რომ ასამბლეამ კონცენტრირება პრობლემის ჰუმანიტარულ ასპექტებზე უნდა გააკეთოს. პოლიტიკური ასპექტების განხილვა კი ჟენევაში უნდა გაგრძელდეს".
"ჩვენ ვინარჩუნებთ მზაობას ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისა", _ აცხადებს კოსაჩოვი.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თითქმის ყოველ სესიაზე განიხილავდა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას. სულ ორი წლის განმავლობაში მან ხუთჯერ განიხილა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები.
პირველი განხილვა 2008 წლის ოქტომბერში გაიმართა. მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოსთხოვა მოსკოვს გაეუქმებინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ-რუსული ურთიერთობები 2010 წლის აპრილში განიხილა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ორწლიანი განხილვის შემდეგ ასამბლეამ ორჯერ არ მიიღო წინადადება რუსეთის დელეგაციისათვის აგვისტოს ომის გამო ასამბლეაში ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ.