მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები, ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ ისაუბრა აეროპორტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“, რომელსაც უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ“.
„დღეს, გამთენიისას ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული, პარტიული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლის აგრესიასაც, აბსოლუტური უმოქმედობით, ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი, ივანიშვილის და „ოცნების“ პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია. საგულისხმოა, რომ პარტიული „ზონდერჯგუფის“ წევრებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.
ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.
ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ.
გახარიას ჰქონდა მიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-ისა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა.
ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით, რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს – ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთვის ანგარიშის გაწორებას.
მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი შიშისგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.