უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს 46 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით ათასი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „არავინ იცის“ ზუსტად რამდენი უკრაინელი დაიღუპა ომის შედეგად.
„ჩვენ გვყავს ფიქსირებული მსხვერპლი - 46 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი. კიდევ ათი ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან ტყვეობაშია. და ზუსტად არ ვიცით, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულები შესაძლოა, გარდაცვლილები იყვნენ, ან ტყვეობაში იმყოფებოდნენ“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში დაახლოებით 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.
„და ჩვენ ვიცით ათასობით, ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის რაოდენობა, რომლებიც დაიღუპნენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - თქვა ზელენსკიმ.