შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 1984 წელს დაბადებული გელა ტუფურია და დროებით მსჯავრში მყოფი 1979 წელს დაბადებული მანუჩარ გუჩუა, რომლებიც ბრალდებულები არიან ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, 2010 წლის ნოემბერში, გელა ტუფურია დანაშაულებრივად დაუკავშირდა ბიძინა ხასიას, ბაჩუკი გამისონიას, დემურ ხუროძეს, ლევან და მანუჩარ გუჩუებს. აღნიშნული პირები მძევლად ხელში ჩაგდებისა და ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, შენიღბულები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით თავს დაესხნენ და გაიტაცეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, სოფელ ჭკადუადან ომიკო გულორდავა. ტყის მასივით გადავიდნენ გალის ტერიტორიაზე და ოცდასამი დღის განმავლობაში ამყოფებდნენ მას მძევლად. ბოროტმოქმედები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ ომიკო გულორდავას შვილს, ონისე გულორდავას, რომელსაც მოსთხოვეს გამოსასყიდი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. ონისე გულორდავამ ამჟამად რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 41 000 აშშ დოლარი გადასცა უცნობ პიროვნებას, რის სანაცვლოდაც ამიკო გულორდავა გაათავისუფლეს.
ამოღებულია გადაცემული თანხის ნაწილი.
საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია ერთ-ერთი გამტაცებლის, ბაჩუკი გამისონიას მეუღლე, 1983 წელს დაბადებული ნაზიბროლა ნარუშვილი.
ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ე", „ვ" და „ი" ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილით.