მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ყოფილი ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას "სამართლიანი საქართველო" ერქმევა.
"ოდნავ შევცვალეთ პარტიის სახელწოდება დროშა და ლოგო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკა, გეგმები და მიზნები იცვლება: მიზანი კვლავ იგივეა. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის დამხობა", - განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, "სამართლიანი საქართველო" არ აპირებს რაიონული ორგანიზაციების თავიდან დაფუძვნებას, რადგან 67-ვე ორგანიზაცია, რომელიც "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარეობის პერიოდში დააარსა, "მასთან თანამშრომლობას განაგრძობს".
"ჩვენ უკვე გვყავს 67 რაიონული ორგანიზაცია და ბუნებრივია, არ ვაპირებთ მის თავიდან დაარსებას", - განმარტა ნოღაიდელმა.
რაც შეეხება ყრილობას, რომელზეც ახალი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრებს ოფიციალურად აირჩევენ, წინასწარი ინფორმაციით, უახლოს მომავალში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ნოღაიდელმა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ძველი მოძრაობის არა მხოლოდ სახელწოდების მსგავსება შეინარჩუნა, არამედ ძველი ლოგო და დროშაც და მათ შემთხვევაში მხოლოდ ფერები შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარეობა იძულებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაატოვებინეს.