"დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მინისტრს კობა სუბელიანს მიმართავს, საჯარო გახადონ იმ დევნილთა ვინაობა, რომლებსაც მიღებული აქვთ ფულადი, ან ალტერნატიული საცხოვრებლის სახით კომპენსაცია და ამის მიუხედავად ეწინააღმდეგებიან გამოსახლების პროცესს.
ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყოლბაიას თქმით, დევნილთა წინააღმდეგობის კომიტეტი, რომლის თავჯდომარეც თვითონაა, თითოეულ დევნილს მიაწვდენს ხმას, თუ დღეს მათ ხელისუფლება მცირედით, მაგრამ შედარებით პრივილიგებულ მდგომარეობაში ამყოფებს, ხვალ, ან ზეგ ისინი ამ ხელისუფლების ძალადობრივი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.
"სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად საქართველო გამთლიანების პერსპექტივას ხანგრძლივი დროით დაშორდა. ქვეყანაში საკუთარ მიწა-წყალს მოგლეჯილ ადამიანთა რაოდენობა ათიათასობით გაიზარდა. ადამიანებს, რომლებმაც უამრავი ტანჯვა, ტკივილი სულიერი და მატერიალური დანაკარგი განიცადეს, ხელისუფლება გაუსაძლის პირობებს უქმნის და საკუთარ ქვეყანაში ხელმეორედ აქცევს დევნილებად, არსებული უმძიმესი რეალობიდან გამომდინარე, "დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების" წევრებთან "სახალხო კრების" თავჯდომარემ, ნონა გაფრინდაშვილმა, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და მე, როგორც "სახალხო კრების" დევნილთა კომიტეტის თავჯდომარემ, საგანგებო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ დავპირდით მათ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერს გავაკეთებთ დაკავებული დევნილების სამართლებრივი დახმარებისთვის. ამავე დროს, საერთაშორისო საზოგადოებას ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით. დევნილთა მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა ყოლბაიამ.
ყოლბაიას თქმით, ნონა გაფრინდაშვილი და ნინო ბურჯანაძე შეხვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დევნილთა პრობლემების შესახებ დეტალურად ჩააყენეს საქმის კურსში.
"მისი უწმინდესობის განცხადებით, იგი ყველაფერს იღონებს, რათა დევნილთა მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს და მათი მდგომარეობა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს", - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა.