რუსეთის პროკურატურა იუკოსის ე.წ. მესამე საქმის გაჩენას არ გამორიცხავს. პროკურორების ვალერი ლახტინი და გიულჩახრა იბრაგიმოვა აცხადებენ, რომ ამჟამად ძებნაში იმყოფება 18 ადამიანი, რომლებსაც მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის თანამონაწილეებად მიიჩნევენ.
"იმ შემთხვევაში თუკი ძიების პროცესში დანაშაულის ახალი ფაქტები გამოვლინდება, საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი იქნებიან მათ დამატებითი ბრალი წაუყენონ და საქმე სასამართლოში გადააგზავნონ", _ იუწყება რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის ადვოკატებმა ადრე ამის შესახებ განცხადება გააკეთეს და არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა იუკოსის საქმის ირგვლივ ე.წ. მესამე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და მათი კლიენტები მკვლელობებში დაადანაშაულონ.
ხოდორკოვსკის დაცვა აცხადებს, რომ შესაძლოა "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე - პიროვნების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის მუხლით აღიძრას.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის სასამართლომ "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატების" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენში ნათქვამია, რომ ხოდორკოვსკი და ლებედევი დამნაშავედ არიან ცნობილი მიტაცებისა და ფულის გათეთრების მუხლებით, რის გამოც მათ საერთო რეჟიმის კოლონიაში 13,5 წლის გატარება მოუწევთ.
თავდაპირველად ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ.