შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.
"სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.
პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია" - წერს უწყება.
საქმეზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.
ტაილანდური მედია საქართველოში მოქმედი ტრეფიკინგის მასშტაბური სქემის შესახებ წერს. მედიის ცნობით, ტაილანდურმა ქალთა ფონდმა Pavena Foundation for Children and Women ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური დაჯგუფების მიერ მართული ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმიდან დაიხსნეს.
ფონდის ცნობით, ჯამში 100-მდე ტაილანდელი ქალი კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თავს სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს. სქემის მიხედვით, ტაილანდელი ქალები უცხოელი წყვილების სუროგატები უნდა გამხდარიყვნენ და ამისთვის მათ 400 000-დან 600 000-მდე ($12 000-17 000) ტაილანდურ ბატს ჰპირდებოდნენ.