კაცი, რომელსაც კვირას, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ აქციაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) წიხლი ჩაარტყა, 2000 ლარით დააჯარიმეს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, 2025 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აქციის მონაწილე, 29 წლის მამუკა დიასამიძე, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
„არქის“ მშენებარე კორპუსის ჯებირთან. დავდექი მანდ, ხალხს ველოდებოდი. წინ გავიხედე. სავალ ნაწილზე დავინახე მანქანა, - „ჯიპი“ - და „ხარება“.
„ხარება“ ვიცანი, რადგან ის იყო ტანით გადმოსული და გადმოწეული იყურებოდა. ამ დროს ჩემს ზემოთ ვიღაცამ „ხარებას“ შეაგინა, რა დროსაც უცებ, რომ გავიხედე ხარებასკენ, ჩემკენ იყო მზერა მომართული. ჩაჯდა და რაციაში რაღაც ჩასძახა…
ამის შემდეგ წამოვიდა ხროვა ჩემკენ, რამდენიმე ნიღბიანი პოლიციელი, მტაცეს ფეხებში ხელი და წამათრიეს. იმ ბორცვიდან მთელი ტროტუარი მათრიეს.
წინააღმდეგობაც იყო, რადგან ჩემს უკან იდგა ბევრი ხალხი და ცდილობდნენ ისინიც, არ გავეტანებინე, მაკავებდნენ და „არ წაიყვანოს“ ძახილი იყო. მეც ხმამაღლა, განწირული ხმით ვყვიროდი, არ შემიგინებია, მე არ ვიყავი-მეთქი.
მაინც მწვდნენ, მირტყამდნენ წიხლებს, ხელებს. ერთადერთი, სახის დაფარვა მოვახერხე, რომ დაზიანება არ მიმეღო.
მიმიყვანეს მანქანის წინ, დამაგდეს [მუხლებზე] ეგრევე, თავი წამომაწევინეს და „ხარებამ“ [მომმართა]: „აბა კიდე გაიმეორეო“.
მე ვიმეორებდი, მე არ ვყოფილვარ-მეთქი, რა დროსაც „ხარებამაც“ უშვერი სიტყვებით შემამკო და წიხლიც მითავაზა, კაი გულიანი წიხლი. უკან ამომარტყა წიხლი.
ერთ-ერთი თანამშრომელმა… ყვირილი გავიგე „მედია არის და არ დაარტყათო“. ეგ იყო და ეგ. მაგის შემდეგ აღარ დაურტყამთ“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ მამუკა დიასამიძემ.