„ბათუმელების“ მხრიდან უდიდესი სპეკულაცია იყო მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ჩემს განცხადებაზე, ყველაფერი ამოჭრეს, დაწერეს: „შიმშილი მთავრდება სიკვდილით, მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„უდიდესი სპეკულაცია იყო გუშინ „ბათუმელების“ მხრიდან თავისივე დამფუძნებლის საკითხთან დაკავშირებით ჩემს ნათქვამზე. პირდაპირ ხელს როდესაც ვადებდი „ნაცებს“ და პროტესტების ორგანიზატორებს, ვთქვი, რომ მათ უნდათ, გარდაიცვალოს, მოკლან ადამიანი, რომელიც შიმშილობს, მოუწოდებენ შიმშილისკენ, რომელიც სიკვდილით მთავრდება-მეთქი, ეს უნდათ, ამისკენ მოუწოდებენ-მეთქი. ადამიანი შიმშილობას თუ არ დაანებებს თავს, სამწუხაროდ, ბოლოს ფატალური შედეგი დგება, ხომ?
„ეს უნდათ“, „ამისკენ მოუწოდებენ“ – ყველაფერი ამოჭრეს და დაწერეს – „შიმშილი მთავრდება სიკვდილით, მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე“. ეს არის ბინძური სპეკულაცია. როგორ გატყუებენ, ვისაც კიდევ გჯერათ ათასი სისულელის და თუ კიდევ ვინმე ხართ შემორჩენილი, გულწრფელად რომ გჯერათ, ჩელიაბინსკში ვართ. ასე გატყუებენ თავად „ბათუმელები“, რომელიც პირველი დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა იყოს, როგორ გადარჩეს, როგორ იყოს კარგად, ჯანმრთელად მათი დამფუძნებელი. ისინიც ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ნიშნის მოგებით ვთქვი, რომ შიმშილი მთავრდება სიკვდილით და თითქოს ასეთი არაადამიანია მამუკა მდინარაძე თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი. არადა, ამ წინადადებაშივე ხელს ვადებდი „ნაცებს“, მათ კლასტერს, როგორ „ადამიანურად“ ექცევიან თავად მზია ამაღლობელს. ყვითელ პრესობაზე კი არ არის, ყვითელი კი არა, კიდევ უფრო ყვითელი იყოს, ქალაქის ჭორები დაწეროს და თუ უნდა, ორღობის ჭორები გადმოსცენ, მაგრამ ასეთ ტყუილებს როდესაც ავრცელებენ, პირდაპირ უბიძგებენ ადამიანებს შიმშილისკენ, ფატალური შედეგისკენ. როგორც ატრენინგებენ, ისე იქცევიან, რათა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ჯერ წააქეზონ, დააჭერინონ, შემდეგ იძახონ, რომ რეჟიმის პატიმარია, მიუთითონ შიმშილობაზე, გამოიყენონ ინსტრუმენტად“, – თქვა მდინარაძემ.