ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ დემურ გიორხელიძის შეფასებით, ბენზინსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, ობიექტური მიზეზების გარდა, მონოპოლისტების არსებობითა და ბიზნესის არათავისუფალი მდგომარეობითაცაა განპირობებული.
"თავისთავად, ფასების ზრდა ობიექტური ფაქტორებითაა გამოწვეული, რასაც შეიძლება ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესები და არასამრეწველო პროდუქციაზე ფასების ზრდა მივაკუთვნოთ. ეს რეალობაა და ბუნებრივია, ისეთი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, როგორიც საქართველოა, რომელიც ფაქტიურად მთლიანად იმპორტირებულ საქონელზეა დამოუკიდებული, ეს ნეგატიურად აისახება. თუმცა, ცხადია, არსებობს ამის სუბიექტური ფაქტორებიც და ეს არის ქვეყნის შიგნით მოსაწესრიგებელი პრობლემები: კონკურენციის საკითხი, მონოპოლიების არსებობა და შესაბამისად, ბიზნესის საკმარისად არათავისუფალი მდგომარეობა, ესენია ის სუბიექტური მიზეზები, რამაც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. მძიმე ადმინისტრაციული ღონისძიებების შემდეგ ბიზნესი გარკვეულწილად ფრთხილად მოქმედებს. რაც შეეხება სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის იმპორტს, მას, ძირითადად, მსხვილი გავლენიანი ჯგუფები ახორციელებენ, რომლებიც არაფრით არიან შეზღუდულნი", - განუცხადა დემურ გიორხელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, ექსპერტი აღნიშნულის მიზეზად კიდევ ერთ ფაქტორს - ეკონომიკაში მთავრობის აქტიურობას ასახელებს და აცხადებს, რომ არსებული პრობლემების დასაწესრიგებლად აქცენტი კერძო სექტორის აქტიურობაზე უნდა კეთდებოდეს.
"ყველამ იცის, რომ როცა მთავრობა ეკონომიკაში ძალიან აქტიურობს და ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურობს, იქ ფასები ყოველთვის ძვიდება დ ინფლაციის საშიშროებებიც არსებობს. ამიტომ, სჯობს, რომ კერძო სექტორის აქტიურობაზე იყოს აქცენტი გაკეთებული და ხელისუფლება ეკონომიკაში შედარებით ნაკლებად ჩაერიოს", - განმარტა ექსპერტმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ფასების მატების შეჩერება და მისი დარეგულირება მოხდეს, ეროვნულმა ბანკმა "ფულის მასა უნდა აკონტროლოს და რეალობასთან კოორდინირებული მოქმედებით საფინანსო პოლიტიკა შეცვალოს".
"ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები რომ ფულის მასა აკონტროლოს და რასაც კანონით ფულადსაკრედიტო პოლიტიკა ჰქვია, ამ მექანიზმებით არეგულიროს, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით აღნიშნული ნეგატიური პრობლემების დაძლევა არ მოხდება. მას აუცილებლად სჭირდება კოორდინირებული მოქმედება რეალობასთან, რომელმაც მთლიანობაში საფინანსო პოლიტიკა, მათ შორის საბიუჯეტო პოლიტიკაც და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების კუთხით გარკვეული ღონისძიებების გატარება უნდა განაპირობოს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დემურ გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბენზინსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დღითიდღე მატულობს.