21-22 იანვარს ვიცე პრემიერ- მინისტრმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაბა ბაკურიანში ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო ფორმატით ორდღიანი შეხვედრა გამართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილვის ძირითადი თემები იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების, საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხები.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ასოცირების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივება და მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები, აგრეთვე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შემდგომი დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები.