გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერის, ამ აქტიური საელჩოებიდან, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების, პოლიციის, პარლამენტის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“
პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ „ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას“.
"როდესაც განცხადებებს ვისმენთ და ვისმენთ იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთი მედიის თანამშრომელს, რომელიც არა იმიტომ რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა, ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ არის დაკავებული და ამაზე ხაზგასმა არ ვიცი რას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ საპირწონედ რას ვამბობ, როდესაც თუნდაც, ევროკავშირის საელჩო თუ სხვა ელჩები ზრუნავენ იმაზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი იყოს წინასწარ პატიმრობაში თუ არა, ამაზე შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი - ამავე დროს ერთ წინადადებას როგორ არ ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, რა გახდა ასეთი განსაკუთრებული, რომ არ უნდათ ძალადობის დაგმობა.
ეს ხომ მათი პასუხისმგებლობაა, რომ შენი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებ, მისი წარმომადგენელი ძალადობს პოლიციელზე, თუკი გინდა გამოთქვა პრეტენზია, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება იყოს ლმობიერი, იმ პასუხისმგებლობას რატომ არ გრძნობ, რომ შენი ფულით დაფინანსებულმა ადამიანმა, იმ ქვეყანაში, სადაც სტუმარი ხარ და ფული ჩაგაქვს და ხარჯავ, თავს დაესხა პოლიციელს, ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იზიარებენ - იმიტომ რომ თავისი ქცევით აქეზებენ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.