საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის მინდელის სახლების მაღაროში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ სააკაშვილმა სომხეთში ვიზიტის დროს მაღაროში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
"აფეთქების შესახებ გუშინ ღამევე შემატყობინეს და მოვისმინე დასკვნა, რომ ყველაფერი იმ მაღაროელის ბრალია, რომელიც დაიღუპა. გამახსენდა, რომ წინა აფეთქებაზეც ზუსტად ასეთივე დასკვნა მოგვცეს და ყველაფერი მსხვერპლს და მაღაროელებს დააბრალეს. ეს საქმე მაშინ პროკურატურამ გამოძია და როგორც მაქვს ინფორმაცია წინა აფეთქება, რომელსაც რამდენიმე მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა შედეგი იყო არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ მაღაროს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომლებმა ვენტილაციის სისტემა გამორთეს და ფულის ეკონომია საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე გააკეთეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისვე თქმით, ამის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა დასკვნა "ხელი ხელს ბანს" პრინციპით ისე დაწერეს, როგორც ეს მაღაროს ხელმძღვანელობას და ამ ბიზნესის მფლობელებს სურდათ.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვნანობ ეს სისხლის სამართლის საქმე, რომ ლოგიკურ დასარულებამდე არ იყო მიყვანილი, რათა კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი. ეს, რომ მომხდარიყო შესაძლოა გუშინდელი ინციდენტი თავიდან აგვეშორებინა. ის ადამიანები, კი ვინც ამას აკეთებენ მკვლელობაში პირდაპირი მონაწილეები არიან და ვინც მათ იფარავს ისინი მკვლელობის თანამონაწილეები. ნამდვილად არ ვაპირებთ იმის ხარჯზე, რომ შახტაში ხალხს ეშინია სამსახურიდან არ დათხოვნის და ის, რომ ტყიბულის ამუშავებით კარგი საქმე გაკეთდა და ხალხი დასაქმდა, ამის გამო ეს ყველაფერი მათ შერჩეთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა სრული უნდობლობა გამოუცხადა ადგილზე მომუშავე კომისიას და მოითხოვა საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული მაღაროელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.როგორც ცნობილია, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დროს ერთი მაღაროელი, 37 წლის მერაბ კალანდაძე დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ექიმების განცხადებით, ოთხივე მაღაროელს სხეული და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მეთანის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა.