თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატი" ზაზა გაბუნია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ამის შესახებ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა გმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროს მხრიდან დევნილთა გამოსახლების პროცესში გამოვლენილ ადამიანთა ღირსების შემლახავ ფაქტებს, რითაც დარღვეულ იქნა მოქალაქეების უფლებები.
"სამინისტრომ დაარღვია დევნილთა გამოსახლების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად სამინისტროს ეკრძალებოდა პოლიციისათვის გამოსახლების თაობაზე წერილის გაგზავნა, რადგან გამოსახლებულებს არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართობების სანაცვლო ფინანსური კომპენსაცია. ამასთან, დევნილთა უფლებები დარღვეულ იქნა, რადგან გამოსახლების შესახებ მათ ამცნეს პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, ხოლო უშუალოდ გამოსახლება მოხდა პატივისა და ღირსების შემლახველი ფორმით, კერძოდ სატვირთო ავტომობილებით", - აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" საერთაშორისო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვს მხედველობაში იქნას მიღებული აღნიშნული გარემოებები და დევნილთა სამინისტროს არაჰუმანურ მოქმედებებს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია და შეფასება.
დღესვე გაბუნიამ მოთხოვა, სახელმწიფო უწყებების რეგიონებში გადატანის პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტროს ზუგდიდში გადავიდეს, სადაც დევნილთა ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს ამ უწყებასთან კომუნიკაციის საშუალება შეუნარჩუნდებათ.
"ქრისტიან-დემოკრატების" აღნიშნული განცხადება გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ მისიასა და საერთაშორისო ორგანიზაციას.