სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მის ჯანმრთელობაზე შეგნებულად ვერ ისაუბრებს, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არასოდეს გაუმართლებია პოლიციელზე თავდასხმა მაგრამ უნდა გვესმოდეს კონტექსტი.
„არასოდეს გამიმართლებია მე პოლიციელზე თავდასხმა და არც გავამართლებ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს კონტექსტი, უნდა გვესმოდეს ადამიანის მდგომარეობა. რომ შევადაროთ, რამდენიმე დღეშიც მოხდა პოლიციელებზე თავდასხმა, სამწუხაროდ, 3 პოლიციელი დაჭრა ერთმა ადამიანმა და იგივე მუხლით მოხდა საქმის აღძვრა და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანი.
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და არ არის აუცილებელი ყოველთვის პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, იყოს გამოყენებული. შეიძლება იყოს გირაო, იყოს თავდებობა ან სხვა ფორმები, რომლების არ გულისხმობენ პატიმრობას.
პატიმრობა არის ყველაზე მძიმე ფორმა, იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოაცილო საზოგადოებას, ის ან მიმალვას უნდა ცდილობდეს, ან მოწმეებზე ზემოქმედებას. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი მზიას შემთხვევაში ასეთი პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ის ამას ცდილობდა, საქმეში არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან რომ მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, მოწმეებზე პირდაპირი ზემოქმედება, მოწმეთა ჩვენება არაა მტკიცებულება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფორმალურადაც ვთვლი, რომ შეიძლება იქნეს გადახედილი პატიმრობა და შეფარდებული იქნას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების ფორმა.
ზოგადად, მარტო ქალბატონი მზიას შემთხვევას არ ვგულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში ამ ბოლო პერიოდში და მათ მიმართაც ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობის გამოყენება არ არის გამართლებული. მე არ ვიცი საქმეების მიხედვით რა მტკიცებულებებია, მაგრამ 40 საქმიდან ყველა როგორ არის ისეთი, სადაც პატიმრობის გამოყენება აუცილებელია? სადღაც ხო შეიძლება გირაო იყოს გამოყენებული ან სხვა ფორმა". - ამბობს იოსელიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რითაა განპირობებული სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები, იოსელიანმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ან გამკაცრებული მიდგომა სისხლის სამართლის დანაშაულებზე.
"თუ ფორმალური საფუძვლებიდან გამოვალთ კანონის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მგონია, რომ ეს უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. ვიღაცას უნდა შეეფარდოს გირაო, ვიღაცას პატიმრობა, გასაგებია, ვიღაცას კიდე სხვა აღკვეთის ღონისძიება, თავდებობა თუ სხვა, ამისთვის არსებობს ეს ალტერნატივები კანონმდებლობაში.
მოვუწოდებ მე პროკურატურას და სასამართლოსაც, უფრო ჰუმანური მიდგომები იქნეს გამოყენებული, როდესაც ადამიანების დაპატიმრებას ეხება საქმე". - თქვა იოსელიანმა.