დღეს, 22 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გუდაურის დეველოპერული კომპანიის, ასევე, ტურისტული კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამოს მოწყობა იგეგმება.
დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგებიან როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისიდან ჩამოსული ანსამბლები, რომლებიც ხევსურულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებსა და კომპოზიციებს წარმოადგენენ. მოხდება ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაცია.
სპეციალურად ამ საღამოსთვის დამზადდება ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნების საშუალება ყველა სტუმარს ექნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს ფშავ-ხევსურეთის დაცარიელებისგან გადარჩენას და ამ ულამაზესი კუთხის ტურისტული პოტენციალის, მისი ადათ-წესების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტად გაჩნდეს ინტერესი ისეთი ისტორიული ძეგლების მიმართ, როგორიცაა შატილი და მუცოს ციხე-სიმაგრე.
მუცო პირიქითა ხევსურეთის კლდეზე შეფენილი ციხესიმაგრეა, რომელიც ამ ეტაპზე სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სულ ახლახან ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე იქნა წამოჭრილი და მის ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გაერთიანდა. სასტუმრო "ამბასადორსა" და მსოფლიო ბანკის ოფისში მოეწყო პრეზენტაციები, შედგა საუბრები, რომლის მიზანი იყო, რაც შეიძლება მცირე დროში მოხდეს ისეთი დონორი ორგანიზაციების მოძიება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამენ წვლილი შეიტანონ საშვილიშვილო საქმეში, მუცოს გადარჩენაში.
ხევსურული საღამო გუდაურში _ სასტუმრო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათზე დაიწყება. მას ხევსურეთის მკვიდრი, პოეტი გელა დაიაური წარუძღვება.
ხევსურული საღამოს მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან "HOTEL GUDAURI"; "CHATEAU MUKHRANI"; "ნატახტარი"; საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი; "PRIME TIME"; "DIDI სტუდი A".