საქართველოს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ოპოზიციური პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "საქართველოს გზის" პრესსამსახურში სოფო ჯაჯანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანთან ურთიერთობის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. "მათი შეხვედრა სწორედ ირანის თემატიკას შეეხება,"_აცხადებს ჯაჯანაშვილი.
სალომე ზურაბიშვილს შეხვედრები უკვე ჰქონდა აფრიკაში, ნიგერიაში. იგი დაახლოებით რვა ქვეყანაში იმყოფებოდა და მათ საგარეო მინისტრებს ხვდებოდა.
"სავარაუდოდ, რუსეთში ჩასვლის ფარგლებში, ქალბატონი სალომე სერგეი ლავროვსაც შეხვდება, რადგან სხვა ქვეყნებში იგი სწორედ საგარეო მინისტრებს ხვდებოდა. სერგეი ლავროვთან შეხვედრა თებერვალში იგეგმება. თუმცა ზუსტ თარიღს ვერ დაგიკონკრეტებთ,"_აღნიშნა ჯაჯანაშვილმა.
"საქართველოს გზის" პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა საქართველოს თემას არ შეეხება.