საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემების არ დანახვის კურსი აირჩია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ დევნილების გამოსახლების პროცესის შეფასებისას განუცხადა.
"ხელისუფლებას აქვს აღებული ისეთი კურსი, რომ საერთოდ არ იმჩნევს პრობლემას. ცალკეული შეფასებები კი, როგორც ჩანს სააკაშვილს არ აღელვებს და თუ დევნილებთან მიმართებაში ხელისუფლებამ არ მოისურვა პოზიციის გადახედვა, სხვა მხრივ არაფერი არ შეიცვლება", - აღნიშნა საყვარელიძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან აქტიურობა იმდენად არ არის თვალში საცემი, როგორც დევნილების, რომლებიც გარდა გამოსახლებისას პოლიციასთან ჩხუბისა, ორგანიზებულად პროტესტის გამოხატვას ვერ ახერხებენ.
"ადგილობრივ არჩევნებშიც დევნილები იყვნენ ყველაზე ერთგული "ნაციონალური მოძრაობის". ახლა კი ორგანიზებულად შეკრებასაც კი ვერ ახერხებენ. რაც შეეხება დასავლეთს, ისინი იმას ხედავენ რის დანახვაც უნდათ, ამიტომ არა მგონია ამ კუთხით სააკაშვილს სანერვიულო ჰქონდეს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩასახლებული დევნილების მასობრივი გამოსახლება გუშინ დაიწყო.