კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, ორმ ტოვებს კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
"მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია კონკურენტული პროცესის გზით, ახალ ლიდერს აირჩევს", - თქვა ტრუდომ.
ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია, რომელსაც იგი 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, ახალ ლიდერს შეარჩევს.
"ეს ქვეყანა მომავალ არჩევნებზე რეალურ არჩევანს იმსახურებს და შიდა ბრძოლებიდან გამომდინარე, მე ვეღარ ვიქნები საუკეთესო კანდიდატი კანადელი ამომრჩევლებისთვის", - თქვა მან.
ჯასტინ ტრუდო წლების განმავლობაში საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა მისმა პოპულარობამ კლება დაიწყო ორი წლის წინ, მას შემდეგ, რაც გაიზარდა საზოგადოების მღელვარება მაღალი ფასების გამო.
ბოლო ხანებია, გაიზარდა იმ ლიბერალი დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც ტრუდოს გადადგომისკენ მოუწოდებენ. იუწყებიან, რომ მზარდი მოწოდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უარყოფით შედეგებს უკავშირდება. პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა დეკემბერში, როცა უთანხმოების გამო ფინანსთა მინისტრი გადადგა.
კანადაში არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, სადაც კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ლიბერალური პარტია დამარცხდება კონსერვატორებთან, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში იმყოფებიან.
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრია 2015 წლიდან.