კომპანია "ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა.
რედაქტირებულ ვიდეორგოში მსახიობის მხოლოდ ხელი მოსჩანს.
ვიდეორგოლის რედაქტირებასთან დაკავშირებით, "ვისოლმა" ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ კადრების ამოჭრას პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.
"ვისოლის" მტკიცებით, მსახიობთან კონტრაქტი 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ.
"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით. შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან", - ნათქვამია "ვისოლის" განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის" მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ანდრო ჭიჭინაძე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.
ამჟამად, ანდრო ჭიჭინაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.