სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ტაილანდიდან სამხრეთ კორეაში მიმავალ თვითმფრინავში 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა. ოფიციალურად დადასტურებულია 96 ადამიანის დაღუპვა.
კორეული მედიის ცნობით, თვითმფრინავი კომპანია Jeju Air-ს ეკუთცნოდა და ბანგკოკიდან მიფრინავდა.
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, სეულიდან 288 კმ-ში მდებარე მუანის აეროპორტში დაშვებისას ის ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.
კორეის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს დიდი ხანძარი, რომელიც შეჯახებისთანავე გაჩნდა. ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 28 ადამიანი, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, შემდეგ ეროვნულმა სახანძრო სამსახურმა გამოაცხადა, რომ დაიღუპა თითქმის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით , დაღუპულია 96 ადამიანი.
გადარჩენილებიდან ერთი მგზავრი და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრია. Reuters იუწყება, რომ ორივე თვითმფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდა.
მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ორივე კლინიკაში იმყოფება.
მგზავრების უმეტესობა, 173 ადამიანი, სამხრეთ კორეის მოქალაქეა, კიდევ ორი - ტაილანდის.