პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„კვირას 29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, კერძოდ სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
იცით, რომ გავავრცელეთ განცხადება ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით. მედიას განსაკუთრებით ვთხოვ, რომ ყურადღება მიაქციოს, 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული. ვისაც აქვს სურვილი, გააშუქოს ეს ღონისძიება, მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის მოწყობილი იქნება მედიასივრცე ბე კორპუსის ნულ სართულზე რუსთაველის დარბაზში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, ეკრანზე ადევნოთ თვალყური ინაუგურაციის ცერემონიას. ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები, თავად ინაუგურაციის პროცესის გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირ ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედიასაშუალებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.