სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში.
"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რადგან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. როგორც ეს არის საერთოდ ტრადიცია, საპარლამენტო რესპუბლიკების ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის. შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და ასევე სახელმწიფო არქივს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.
"კვირას 29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, კერძოდ სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები", - თქვა პაპუაშვილმა.