სირიაში პოლიციის 14 თანამშრომელი დაიღუპა და 10 დაიჭრა ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებული რეჟიმის მხარდამჭერი ძალების მიერ განხორციელებული ჩასაფრების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ეს მოხდა ტარტუსის მახლობლად.
სირიის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ ტარტუსში ასადის რეჟიმის „ნარჩენები“ იმყოფებიან და პირობა დადო, რომ პასუხს აგებინებს „ყველას, ვინც გაბედავს შელახოს სირიის უსაფრთხოება ან საფრთხე შეუქმნას მისი მოქალაქეების სიცოცხლეს“.
ასადის რეჟიმი სირიაში ძალაუფლებას 53 წლის განმავლობაში ფლობდა, რეჯიმი მეამბოხეების 12-დღიანი შეტევის შემდეგ დაინგრა. მეამბოხეებმა დედაქალაქი დამასკო 8დეკემბერს დაიკავეს.
სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის თავმჯდომარემ, ჰადი ალ-ბაჰრამ განაცხადა, რომ გეგმავს სამოქალაქო მთავრობის შექმნას დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
სირიის ახალი დროებითი პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა.
სირიის დამხობილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, რუსეთმა მათ თავშესაფარი მისცა.