„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა დააზიანა.
ეს ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 38 ადამიანი.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.