ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ( PACE) საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ 28 ნოემბრის ანგარიშში აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს მათი დამკვირვებლების მანქანა რამდენიმე ათეულმა „კუნთმაგარმა” პირმა დააზიანა.
„PACE-ის გუნდის დაკვირვების დროს სოფელ ბოდბეში, სიღნაღის რაიონში საარჩევნო უბანთან მიუღებელი ინციდენტი მოხდა. დაახლოებით, 40 აგრესიული არამეგობრული კუნთმაგარი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა საარჩევნო უბნის გარეთ განზრახ დააზიანა გუნდის მანქანა. საბურავი გახვრიტეს და დაზიანებულ მანქანაზე ძველი მანქანის შეჯახებით სცადეს, ინციდენტი შემთხვევითობად წარმოეჩინათ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შესახებ არსებული დასკვნები და მიწოდებული სანდო ინფორმაცია, ზრდის ეჭვებს არჩევნების შედეგების სისწორესთან დაკავშირებით.
„ჩვენი დასკვნა, რომელიც წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მსვლელობისას განხორციელებულ მონიტორინგსა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შემდგომ მოწოდებულ სანდო და თანმიმდევრულ ინფორმაციას ეფუძნება, ზრდის ეჭვებს არჩევნების შედეგების სისწორესთან დაკავშირებით, კერძოდ, მართლაც ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას. ამასთან, სერიოზული ეჭვები რჩება იმასთან დაკავშირებით, ქმნიდა თუ არა საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს, რასაც ამომრჩევლებისთვის ინფორმირებული და ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა მიეცა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 26 ოქტომბრის არჩევნებს 32-წევრიანი დელეგაციით აკვირდებოდა. დელეგაცია, რომელსაც ALDE-ს წევრი იულიან ბულაი ხელმძღვანელობდა, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია.