სირიის ქალაქ ჰამაში საშობაო ნაძვის ხის დაწვის გამო საპროტესტო აქციები იმართება. იუწყება BBC.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ წვავენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები ნაძვის ხეს ქალაქ ელ-სუკაილაბიას ერთ-ერთ მთავარ მოედანზე. აღნიშნული ქალაქი სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ის უმეტესად ქრისტიანებით არის დასახლებული.
ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი ახალი მმართველებისგან რელიგიური უმცირესობების დაცვას ითხოვს. ქვეყნის დედაქალაქში, დამასკოში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები - "ვითხოვთ ქრისტიანების უფლებების დაცვას!".
„ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას ქრისტიანებისთვის, თუ ჩვენს ქვეყანაში არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი რელიგიის მიხედვით, მაშინ ეს ჩვენი ქვეყანა აღარ არის“, –ამბობენ აქციის მონაწილეები.