პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები, წერტილი. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ - აცხადებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიამ ეს კომენტარი ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ დაიწყო შეხვედრა პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.
"ვერ გეტყვით, დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რადგან ამ წუთში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები არ ვიღებთ, გადაწყვეტილების მიმღები არის საქართველოს პრეზიდენტი, მე მის მაგივრად ვერ გიპასუხებთ.
ჩემთვის არის ერთი რამე ნათელი, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი პირადი პოზიცია - პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები, წერტილი. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და ვხედავ „ქართული ოცნების“ რეაქციას ამაზე, რომელიც ამის გამო აცხადებს, რომ ყველას დაიჭერს. „ქართული ოცნების“ რეაქციები რეალურად ცხადჰყოფს მათ რისი ეშინიათ, ამიტომაც ინდიკატორი არის ნათელი, ეს არის სწორი და შესაძლოა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება", - თქვა გვარამიამ.