ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე. გახსოვთ ტრამპის ორი მთავარი დაპირება. ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს. ერთია ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“მთავარი – ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი – რამდენად შეძლებს, გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი, ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მის მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით. მეორე – როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. ის თუ შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება. აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული, ვიღაცას მოსწონს ტრამპი, ან არ მოსწონს, ან მას მოვწონვართ ჩვენ თუ არ მოვწონვართ, დამოკიდებულია იმაზე, ის რამდენად შეძლებს თავისი დაპირების შესრულებას, რომ „დიფ სთეითი“, შესაბამისი არაფორმალური გავლენები სახელმწიფო ბიუროკრატიაზე შეამციროს ან საერთოდ ამოძირკვოს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო რთულად გვექნება ბევრი რაღაც გადასატანი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მექანიზმი მძლავრად მუშაობს, გნებავთ გლობალური ომის ძალებს, გნებავთ ომის პარტიას, ლოკალურს თუ გლობალურს, თავისი გავლენები აქვს და ამ გავლენებით, ე.წ. დიფ სთეითის გავლით წნეხი აქვს საქართველოზე, შეიძლება, ეს გაგრძელდეს რაღაც ფორმით, ჩვენ ამას ვუმკლავდებით დღესაც, ხვალაც გავუმკლავდებით, მაგრამ დამოკიდებული იქნება იმაზე, არაფორმალური გავლენები რამდენად შესუსტდება. რაც უფრო შესუსტდება, მით უფრო ძლიერად იქნება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.