ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს.
პრესრელიზში, რომელშიც დასკვნაში მითითებულ ძირითადად მიგნებებზეა საუბარი, ორგანიზაცია წერს, რომ იმეორებს თავის ადრინდელ დასკვნებსა და მიგნებებს.
"არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც ხმის მიცემის დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის უფლებას, ხმა მისცენ შურისძიების შიშის გარეშე", - აცხადებს ორგანიზაცია.
"ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა ამ არჩევნების მთლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ", - თქვა ოუენ მერფიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა ODIHR-ის 2024 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.
როგორც პრესრელიზში წერია, არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას, ოდირმა დაადგინა, რომ საქმეები საკმარისად არ განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
"მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი ხშირი შესწორებები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, აჩენდა შეშფოთებას მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ოდირის გრძელვადიანი რეკომენდაცია ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ", - აღნიშნულია პრესრელიზში.
პრესრელიზის თანახმად, დასკვნაში ხაზგასმულია პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედიისა და კამპანიის დაფინანსებაზე შეზღუდული ზედამხედველობის უარყოფითი გავლენა, თუმცა "მონაწილეებს ძირითადად შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია".
"მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა ბევრმა უპირატესობამ, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან დისბალანსთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს", - ნათქვამია პრესრელიზში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რონ საარჩევნო პროცესისთვის მზადება კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ხაზს უსვამს ხმის მიცემის ფარულობის ხშირ დარღვევებს.
"არჩევნების დღეს ხმის ფარულობასთან დაკავშირებულმა ხშირმა დარღვევამ, რამდენიმე პროცედურულმა შეუსაბამობამ, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ცნობებმა, უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე და სხვა მხრივ პროცედურულად მოწესრიგებულ საარჩევნო დღეზე", - ნათქვამია პრესრელიზში.
გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ოდირის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება.
"ამის ნაცვლად, ოდირი უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებს და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებს. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი არჩევნების ხარისხზე. ოფისი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრს მათ მათ ძალისხმევაში, გადაჭრან პრობლემები პოსტსაარჩევნო დიალოგისა და კონკრეტული ქმედებების გზით", - ნათქვამია პრესრელიზში.