ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალადობრივ რეპრესიაზე, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი X-ზე წერს.
კოსი ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას ეხმიანება.
"ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივ რეპრესიაზე.ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მმართველებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შეისწავლის.
ევროკავშირი ქართველ ხალხთან და ევროპული მომავლის მათ არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება," - წერს ევროკომისარი.